English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ემირ ეთერია
ეკონომიკური გლობალიზაცია და რეგიონული სავაჭრო შეთანხმებები: თანამედროვე ტენდენციები

ვრცელი რეზიუმე 

XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, ეკონომიკის გლობალიზაცია ცალკეული ეროვნული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეკონომიკის გლობალიზაციის მრავალი დეფინიცია არსებობს, თუმცა, ყველა მათგანში ხაზგასმულია ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის საფუძველზე ეროვნულ ეკონომიკებს შორის მზარდი ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობა.

ეკონომიკის გლობალიზაციის პარალელურად ინტენსიურად ვითარდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა რეგიონული სავაჭრო შეთანხმებების საფუძველზე, რომელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან. აღნიშნული სავაჭრო შეთანხმებების მიზანია ვაჭრობის უფრო მეტი ლიბერალიზაცია, ვიდრე ეს მიღწეულია მრავალმხრივ დონეზე, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში. რეგიონული სავაჭრო შეთანხმება შეიძლება იყოს როგორც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ასევე შეთანხმება საბაჟო კავშირის ან ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. რეგიონული სავაჭრო შეთანხმებების ძირითადი ნაწილს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სახელწოდებისა რეგიონული სავაჭრო შეთანხმებები არ იფარგლება მსოფლიოს ცალკეული რეგიონით და აღნიშნული შეთანხმებები შესაძლოა გაფორმდეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ და რეგიონთაშორის დონეზე.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 1990 წელს ძალაში იყო მხოლოდ 19 რეგიონული სავაჭრო შეთანხმება, მაშინ როცა 2018 წელს აღნიშნული შეთანხმებების რიცხვმა 291-ს მიაღწია. რეგიონული სავაჭრო შეთანხმებების მზარდი დინამიკა ძირითადად განპირობებულია ორი მიზეზით. პირველ მიზეზს გლობალურ დონეზე ეროვნულ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მარეგულირებელ წესებზე შეთანხმების მიღწევის სირთულე წარმოადგენს, ხოლო მეორეს, ქვეყნების გეოგრაფიული სიახლოვე, ასევე, არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა ან პოტენციურად მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები.

რეგიონული სავაჭრო შეთანხმებები მოიცავს როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლისთვის ყველაზე მეტი რეგიონული სავაჭრო შეთანხმება   ევროკავშირს აქვს გაფორმებული (40 სავაჭრო შეთანხმება).

ბოლო წლებში, სავაჭრო შეთანხმებების რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად შეიცვალა აღნიშნული შეთანხმებების შინაარსი. სავაჭრო შეთანხმებები, განსაკუთრებით ევროკავშირისა და აშშ-ს მონაწილეობით, ითვალისწინებს ქვეყნებს შორის უფრო „ღრმა“ ინტეგრაციის მიღწევას და მოიცავს ეკონომიკის სფეროების უფრო ფართე სპექტრს (მომსახურება, ინვესტიციები, კონკურენცია და ა.შ), ვიდრე ეგრეთ წოდებული „მარტივი“ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები.

ნათელია, რომ რეგიონული სავაჭრო შეთანმებები წარმოადგენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უფრო ეფექტიან მექანიზმს, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებშიც არ არსებობს გლობალურ დონეზე შეთანხმებული წესები, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციის ფარგლებში. 

ეკონომიკური გლობალიზაცია რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების და ზოგადად, ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს და გლობალიზაცია, სწორედ რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის მეშვეობით ვითარდება. შესაბამისად, ეკონომიკის გლობალიზაცია და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულ და ამავდროულად, ურთიერთშემავსებელ პროცესებს წარმოადგენენ.